logo
ENG



მამა თეიმურაზის თქმით, მას ფიზიკურად ეპისკოპოსის მიმართ "უდიერი განწყობის" გამო გაუსწორდნენ

07 მაი 202111:58
3 წუთის საკითხავი
 

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი მედიასთან ადასტურებს, რომ ურბნელი მიტროპოლიტის, იობის რეზიდენციაში მას "ერის ადამიანი" ფიზიკურად დაუპირისპირდა. დეკანოზი აცხადებს, რომ ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად მისი მხრიდან სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, სვიმონ ცაკაშვილის მიმართ გამოხატული "უდიერი განწყობა" იქცა. 

"მე ჩასული ვიყავი მეუფე იობის რეზიდენციაში, ქარელში, მქონდა მასთან შეხვედრა დანიშნული. შეხვედრამდე ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ვიკითხე, ვინ ჰყავდა მეუფეს სტუმრად. მითხრეს, რომ მეუფეს სტუმრობდა ხაშურის ეპისკოპოსი და ჩემთვის ჩავილაპარაკე, რომ მასთან შეხვედრა არ მინდოდა და ეს ცოტა უდიერი სიტყვებით გამომივიდა. 

ეს გაიგო მისმა თანმხლებმა პირმა. როდესაც უკვე ამ თანმხლებმა პირმა უთხრა მას ეს ყველაფერი, მეუფე მობრუნდა უკან და მომთხოვა პასუხი ამასთან დაკავშირებით. მომთხოვა ახსნა-განმარტება, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, სხვა მისი თანმხლები პირი, ერის ადამიანი, აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდა და შემეხო ფიზიკურად და მოხდა ძალიან ცუდი ინციდენტი. 

მღვდელმთავარმა სწრაფად გააყვანინა ის ადამიანი იქიდან და შემდეგში, მეუფე იობმა მთხოვა, უბრალოდ, რომ, განეიტრალების მიზნით, შენდობა მეთხოვა მეუფისგან. დავემორჩილე მეუფეს და იქვე ყველაფერი გაირკვა და დასრულდა", - აცხადებს დეკანოზი ფორმულასთან

მეუფე იობის რეზიდენციაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია მედიაში გუშინ გავრცელდა. დეკანოზმა თეიმურაზმა მომხდარი გუშინვე დაადასტურა, თუმცა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

"არ ვსაუბრობ ამ თემაზე, სასულიერო პირებს შორის პრობლემა თვითონ ეკლესიაში უნდა გადაწყდეს, თქვენ ჟურნალისტებს ეს არ გეხებათ", - განაცხადა დეკანოზმა. 


close დახურვა